ფორმულა “კრეატივის” დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის, თქმით, დათო კეზერაშვილმა რომელ პარტიასაც არ უნდა დაუჭიროს მხარი, პირადად იძლევა გარანტიას, რომ ეს არ იქნება ახალი ტელევიზიის საქმიანობის მთავარი ღერძი, რადგან ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. მვილდაძემ ამის შესახებ გადაცემაში “თავისუფალი ბაზარი” ისაუბრა.
“გარანტიას გაძლევთ ჩემი პირადი სხეულით, ტანით და ორგანიზმით, აგრეთვე, სადამფუძნებლო დოკუმენტებით და დირექტორის პიროვნებით. დირექტორი იქნება “ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზუკა (ზურა) გუმბარიძე, რომლის ოთახსაც ამ წამს ჩხრეკს პროკურატურა. ეს არის გარანტიები. დირექტორი არ იქნება ჩვენი პარტნიორის დანიშნული ადამიანი. მეორე მხრივ, მე მგონი, მისი გადმოსახედიდანაც სწორია – თუ ტელევიზიას ვაკეთებთ “ფორმულა კრეატივი” და დათო კეზერაშვილი ერთად, სჯობს, სატელევიზიო მიმართულების მართვის ნაწილში მეტწილად “ფორმულა კრეატივი” იყოს წარმოდგენილი”.
მშვილდაძის თქმით, დავით კეზერაშვილთან შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ტელევიზია არ იმუშავებდა ერთ პარტიაზე, რადგან ამით ვერ მიაღწევენ მიზანს:
უნდა ვიმუშაოთ ყველააზე, ვისაც რაღაც ღირებულება ექნება. პლატფორმა შევქმნათ და მერე ვინ როგორ გამოიყენებს… გვექნება გადაცემა, მოვა ალეკო ელისაშვილი… უფრო კარგად ილაპარაკებს, ვიდრე დათო უსუფაშვილი? – ადამიანებს მოეწონებათ ის. ამ მიმართულებით გვინდა მუშაობა. ცოტა იდეალისტურს ჰგავს, მესმის, მაგრამ მთავარი ამბავია – როცა დაიწყებს ეს ტელევიზია მაუწყებლობას, მერე ყველა ნახავს, რა და როგორ. ბევრად მრავალფეროვან აუდიტორიას კრეფს სერიალები ტელეკერანებთან, ვიდრე აინტერესებს ეს პარტიას. პარტიას არ უღირს ამდენი ფულის გადახდა ამაში. ოცნების და ინაშვილის მხარდამჭერებიც უყურებენ “ჩემი ცოლის დაქალებს”, მაგრამ ამის გამო საერთოდ არ იცვლიან ისინი პოზიციას. არ მუშაობს ეს ასე მარტივად. ანუ, პარტიას ასეთი პროდუქტის ქონა არ უღირს. კარგია, როდესაც ვიცით, რომ ეს ტელევიზია სინამდვილეში ამისკენ არის და ის – იმისკენ. ამ ქვეყნის ყველაზე დიდი სიგიჟეა ამის დამალვა. ამის დამალვას კი არ ვცდილობთ, როდესაც ვამბობთ, რომ არ ვიქნებით პარტიულები. უბრალოდ, ამხელა ტელევიზიიდან, რაკი ჩცდ-თი შევდივართ (უკვე ის თავად დიდ მასშტაბებს და პარამეტრებს აყენებს მთელი არხის), ვერ შეძლებს ერთი პარტია [სრული ელექტორალური რესურსის წაღებას], ისევე როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციებიდან ვერ შეძლებს ყველა მოქმედი ოპოზიციური პარტია სრული ელექტორატის წაღებას. ამ არხიდან ზუსტად ასეა. ინვესტიციის ის მასშტაბი, რაც საჭიროა ამხელა მასტაბის არხის გაკეთებაში, ეს რომ პარტიას ემსახურებოდეს, ფინანსურადაც და ბიზნესურადაც არასწორია. თან, ვხედავთ, რომ მიმდინარე ვითარებაში 1, 2, 3 და 4 პარტიის გაერთიანებითაც კი გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ ხერხდება. კიდევ უფრო ფართო გაერთიანებაა ამ ვითარებაში საჭირო, რომელშიც შევედით. ამას გვინდა, რომ გამოვეპასუხოთ და გამოვეხმაუროთ ამით”, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილმა პირველ აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ “რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა სჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია” და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააფუძნოს ტელეარხი, რომელიც ამ არჩევანს დაიცავს.