ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვარამია ცდილობს, ისრები პოლიტიკური პროცესებისკენ გადაიტანოს” – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის საკითხზე გამოთქმულ შეფასებებს გამოეხმაურა განაცხადა, რომ ნიკა გვარამია და სხვა პირები, რომელთაც საქმე საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოსთან აქვთ, სტანდარტად შემოღებულ განცხადებას იშველიებენ, რომ არის პოლიტიკური დევნა და ყველა ბიძინა ივანიშვილს ახსენებს.

დეპუტატის თქმით, ნიკა გვარამია და სხვები, ისევე როგორც მათი ადვოკატები, დანაშაულის შემადგენლობაზე უნდა საუბრობდნენ, ან დანაშაულის არარსებობაზე და საზოგადოების წინაშე კონკრეტული დამადასტურებელი ფაქტები უნდა მოჰყავდეთ.

„სასამართლოში სრული შესაძლებლობა აქვთ, იმაზე იმსჯელონ, რასაც დანაშაულის არსებობა, ან არარსებობა ჰქვია. ნიკა გვარამია სასამართლოში დაბარებული გამოკითხვისთვის იყო. კონკრეტული ადამიანის საჩივარი არსებობს კონკრეტულ თანხასა და საკითხზე. იმის თქმა, რომ კონკრეტული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ხელის თუ ფეხის ფრჩხილს წარმოადგენს და მისი დამცირება და შეურაცხყოფა ხდება, ეს მის პასუხისმგებლობას არანაირად არ ხსნის, თუ ასეთი არსებობს. პოლიტიკოსებმა რა განცხადებებიც არ უნდა ვაკეთოთ, მთავარია ის, იყო თუ არა დანაშაული. ამ საკითხზე ლაპარაკს ყველა ერიდება, მათ შორის, ნიკა გვარამიაც ცდილობს, რომ ისრები პოლიტიკური პროცესებისადმი გადაიტანოს. სანამ პოლიტიკოსი იქნები, ნებისმიერ საკითხზე სამართლებრივი პასუხი უნდა გქონდეს და იმის წამოძახება არ უნდა ხდებოდეს, რომ პოლიტიკოსია, ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს არის მისი დევნა. სხვათა შორის, ნიკა გვარამიამ კონკრეტულ სქემაზე ილაპარაკა, რომელსაც დანაშაულად არ მიიჩნევს, პროკურატურას კი, ამაზე სხვა აზრი აქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....