ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა

“რუსთავი 2” – ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა თბილისის საქალქო სასამართლოში დასრულდა.

გვარამია ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 2 საათზე მეტ ხანს აძლევდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ძირითადი კითხვები კონტრაქტებს ეხებოდა.

„მეკითხებოდნენ, რატომ იდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე. ეს იგივეა, გაარჩიო რატომ არის მედია ბიზნესი ასეთი, რატომ არის მედია ბაზარი ასეთი?! ამის გარჩევა საღ აზრს არ შეესაბამება. პროკურორები ვერაფერს იზამენ, ეს დავალება აქვთ, სხედან და იკვლევენ. დაახლოებით იგივეა, მეღვინეებს რომ ჰკითხონ, რატომ დგინდება ღვინოზე ფასი, რის მიხედვით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. კითხვაზე, ელოდება თუ არა გამოკითხვაზე ხელმეორედ დაბარებას, გვარამიამ ეს მოცემულობა არ გამორიცხა.

სასამართლოში შეკრებილი იყვნენ ნიკა გვარამიას მეგობრები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო “რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

იტვირთბა....