კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, არ არსებობს რუსი დიპლომატი, რომელთანაც ქართულ მხარეს პრეტენზია არ ექნება, რადგან ყველა მათგანი კრემლის პოლიტიკის გამტარებელია.
როგორც მან “მეტრონომს” გრიგორი კარასინის შესაძლო შემცვლელზე, ივან ვოლინკინზე საუბრისას განუცხადა, ივან ვოლინკინს ქართველი ცოლი ყავს და ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნის განმაპირობებელი ფაქტორი ესეც იქნებოდა.
“არ ვიცი, ვოლინკინი ოფიციალურად იყო თუ არა პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული, მაგრამ ვიცი, რომ მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, როცა გამოქვეყნდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ვოლინკინი საუბრობს ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ბერძენიშვილი იყო თუ არ ვცდები, ნათელაშვილიც და ამის გამო პრობლემები შეექმნა, მაგრამ არ მახსოვს ოფიციალურად გამოაცხადეს თუ არა პერსონა ნონ გრატად. მე ვხვდები, რატომ არის ივან ვოლინკინი შერჩეული, ის საკონსულო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ასევე, საქართველოში და სომხეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ცოლი ჰყავს ქართველი, რამიშვილის ქალი, ალბათ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება საკითხს, შეექმნა თუ არა საფრთხე აბაშიძე კარასინის ფორმატს – რა გგონიათ, კარასინის ფიგურა ნაკლებად მძიმე იყო ქართული მხარისთვის? რასაკვირველია, არა. არ არსებობს რუსი დიპლომატი, რომელთანაც რაიმე პრეტენზია არ ექნება ქართულ მხარეს, რადგან ყველანი კრემლის პოლიტიკის განმახორციელებლები არიან
შეგახსენებთ, გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს.
“კომერსანტის” ცნობით, სერგეი ლავროვის მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატია შერჩეული, თუმცა დიდი ალბათობით ივან ვოლინკინს დანიშნავენ. ის დღეს სამინისტროში საკონსულო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. 2007 წელს ივან ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყნიდან გააძევა.
რაც შეეხება გრიგორი კარასინს, ოფიციალური ინფორმაციით, ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად 70 წლის ასაკის ზემოთ მყოფ პირს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს, კარასინი კი 70 წლის ერთ თვეში ხდება. ცნობილია რომ რუსი დიპლომატი ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლებს. მის კანდიდატურას სენატორის პოსტზე სახალინის გუბერნატორი აყენებს.