„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღრმად არის დარწმუნებული, რომ ხელმოწერა, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, ფალსიფიცირებულია.
„საერთოდ მგონია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ხელმოწერა, არის ფალსიცირებული. ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ხელი აქვს მოწერილი ეგეთ დოკუმენტზე და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-სთვის, რადგან ეს აუცილებლად წინ დახვდებოდა. ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ამ თავისი ხელმოწერით, ბრალდებებით და რაც მოყვა იმ წართმევის პერიოდთან დაკავშირებით, უბრალოდ ხელისუფლების ტროლია. მგონია, რომ მისი ეს ვითომ ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც კიდია ქიბარ ხალვაშის თავზე. ანუ განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე და შესაბამისად, რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, თუ ვთქვათ ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ ბერკეტი მის წინააღმდეგ. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ირაკლი ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს არის ჩემი დაკვირვება და ჩემი აზრი“, – განაცხადა დავით დვალმა.
ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა, ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.
„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში 24 ივლისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად მივიდა და ექსპერტიზისთვის ხელმოწერის ნიმუში დატოვა.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერასთან დაკავშირებით კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნას ერთ თვეში გამოიტანს.