სპეციალურ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ
მისი თქმით, გენერალურ პროკურატურაში დაბარებულმა პირებმა, რომლებიც შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები და ასევე წვევამდელები არიან, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათ ნიკა მელიას, ასევე ენმ-ს წევრების ბესიკ გაზდელიანისა და ჯემალ სეფიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებენ.
„დღემდე 18 ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში და ეს ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ გუშინ დაგვიკავშირდა შს სამინსიტროს რამდენიმე თანამშრომელი მათ შორის გდდ-დან და წვევამდელები, რომლებიც იხდიან სავალდებულო სამსახურს შს სამინისტროში.
ეს ადამიანები აიძულეს მისულიყვნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და აიძულებდნენ მიეცათ ცრუ და ყალბი ჩვენება, მათ აჩვენეს ფოტოსურათები და ამ ფოტოსურათებზე გამოსახული იყვნენ: ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრები ბესიკ გაზდელიანი და ჯემალ სეფიაშვილი. მათ აიძულებდნენ სურათზე გამოსახული ადამიანების წინააღმდეგ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებისთვის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელებზე.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანები სამოქალაქო პოზიციიების დაფიქსირებისთვის დასაჯოს. ივანიშვილი ლაპარაკობს შს სამინისტროს და გენერალური პროკურატურის სახელით და რეპრესიული მექანიზმებით და როგორც ჩანს კვლავ გააგრძელებენ ამ რეპრესიებს. სოლიდარობა დაპატიმრებულ ადამიანებს სოლიდარობა გმირებს და სოლიდარობა იმ დაპატიმრებულ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.