საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნის საკითხთან დაკავშირებით განაცხდა, რომ თუ რუსეთიდან სოხუმში განხორციელდება ფრენები, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ სწორედ რუსეთია საოკუპაციო ძალა და რუსეთი ახორციელებს საოკუპაციო კონტროლს.
ლაშა დარსალიას თქმით, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან, სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან არის დაკეტილი, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე. მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გარკვეულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ისინი აღნიშნულით მხოლოდ საკუთარ სურვილებს აჟღერებენ.
„იყო განცხადებები საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან, ისინი თავიანთ სურვილებს უფრო აჟღერებენ ვიდრე რეალობას. ვერანაირი საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, თუ რუსეთიდან განხორციელდება ფრენები ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა და დადასტურება, რომ სწორედ რუსეთია საოკუპაციო ძალა და სწორედ რუსეთი ახორციელებს იქ ეფექტურ საოკუპაციო კონტროლს”, – აცხადებს ლაშა დარსალია.
შეგახსენებთ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას გეგმავს. მოგვიანებით, აღნიშნულს საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. სამინისტრომ განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას.