საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც დავით გარეჯის თემაზე საუბრობდა განაცხადა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება
ლაშა დარსალიამ დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეს არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.
„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 23-24 მაისს, ბაქოში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების პირველი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ კომისიის ექსპერტები ჩაატარებდნენ გარკვეულ სამუშაოებს ადგილზე. აღნიშნულ პერიოდში მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დაზუსტების მიზნით. გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოში დაგეგმილია ექსპერტების პირველი შეხვედრა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს სწორედ კომისიის ფორმატში და ყველა საკითხი როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის წყდებოდეს ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.
რაც შეეხება დავით გარეჯში დღეს არსებულ ვითარებას, როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, ადგილი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა.
ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ინციდენტამდე, ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.
ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით”, – განაცხადა დარსალიამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, რომ მისცეს ორმხრივ კომისიას ნორმალურ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა შესაძლებელი იყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად.