„ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვიდა იმიტომ, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფ რუსულ დელეგაციაში იყო ადამიანი, რომლის გვარსაც ყველა იცნობდა და რომელიც მხარს უჭერდა და მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოწყვეტაში… ძალიან საინტერესო დეპუტატია მართლმადიდებელი კომუნისტი გავრილოვი! ახალგაზრდობამ დაინახა, რომ ზის პარლამენტში, – მეტიც, ზის სპიკერის სავარძელში. ამ ახალგაზრდობამ იცის, რომ 30-40 კილომეტრში, გორთან ახლოს, ხერგილები დგას, საზღვარი დიდი ხნის გადმოწეულია, იქიდან იტაცებენ ადამიანებს და 1000 რუბლს ითხოვენ გამოსასყიდს და ეს უბედური, ნახევრად მშიერი ხალხიც იძულებულია გადაიხადოს… ამიტომაც გამოვიდნენ და სწორადაც მოიქცნენ. მეც რომ ვიყო 20, 30, 40 წლის, იქ ვიდგებოდი დღე და ღამე. ყველა გავიდა ქუჩაში, ჩემი უფროსი შვილიშვილიც იქ იყო. ამ რაოდენობის ახალგაზრდა არ მინახავს არასოდეს. ბევრი სხვადასხვაგვარი მიტინგი გამართულა თბილისში, მაგრამ ასეთი არ მინახავს. ახლა ვიღაც იმედოვნებს, რომ დაიშლებიან… არ დაიშლებიან, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი ბოლო მოთხოვნა, მოაშორონ შს მინისტრის თანამდებობიდან ეს გახარია, რადგანაც ის, რაც 20 რიცხვში მოხდა, თუ ვინმეს არ უნახავს, უმჯობესია არც ნახოს, იმდენი სისხლი იყო”
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.
ვახტანგ კიკაბიძე, მომღერალი
“რადიო თავისუფლებისთვის” მიცემული ინტერვიუ