ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი ტელევიზიის გახსნა “ფორმულა კრეატივმაც” დააანონსა

“ფორმულა კრეატივი” საინფორმაციო-პოლიტიკური ტელევიზიის გახსნისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ “ნეტგაზეთი” ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ტელეკომპანიას კავშირი არ ექნება ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ტელევიზიასთან. მასზე, ძირითადად, საინფორმაციო და პოლიტიკური შინაარსის გადაცემები გავა.

“ფორმულა კრეატივი” ტელეგადაცემებს ამ დრომდე “რუსთავი 2”-სთვის ამზადებს. მათ შორისაა სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”. აღიშნული კომპანია ასევე არის ინტერნეტ გამოცემა On.ge-ს მეწილე. “ფორმულა კრეატივი” მართავს ტელეარხ “მესამესაც” თუმცა ამ არხის ქონება და სიხშირე “რუსთავი 2-ის” საკუთრებაა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” “ფორმულა კრეატივის” დირექტორს, მიშა მშვილდაძეს, დაუკავშირდა. როგორც მშვილდაძემ გვითხრა, ის “არც უარყოფს და არც ადასტურებს” აღნიშნულ ცნობას.

მანამდე, 27 ივლისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ პოტენციურ ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი ტელევიზიის გასახსნელად.

2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაუდგენია. ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

იმავე დღეს, რამდენიმე საათში, სახელმწიფომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. 18 ივლისს ნიკა გვარამია დირექტორის პოსტზე ჩაანაცვლა ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. 30 ივლისის მდგომარებით, საკადრო ცვლილებები განხორციელდა მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლში, თუმცა მუშაობას ჯერჯერობით აგრძელებს “კურიერის” გუნდი ნოდარ მელაძის ხელმძღვანელობით.

წყარო – “ნეტგაზეთი”

იტვირთბა....