მოწმეები, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, სამართალდამცველები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ “კურიერი” ავრცელებს. მათ ასევე გაასაჯაროვეს საქმეში არსებული ჩვენებები, რომლებიც 23-24 ივლისით თარიღდება.
ოქრუაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ბაკურ გერგენიძეა, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ მას პირადად ესმოდა როგორ მოუწოდებდა მასთან ერთად მყოფ პირებს პარლამენტში შეჭრისკენ.
“ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს თემურ კვინიკაძესაც. სპეცრაზმელი გამოკითხვის ოქმში ორგანიზებულ ჯგუფზე საუბრობს, რომელიც აქციაზე პოლიციას ფიზიკურად უსწორდებოდა. მხოლოდ ჩვენების ბოლოს ახსენებს ოქრუაშვილს, ამბობს რომ ის მომიტინგეთა შორის დაინახა, თუმცა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიერ ძალადობრივი გზით პარლამენტში შესვლის შესახებ მოწოდება არ გაუგია”, — განაცხადეს კურიერში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის აქციის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია.