სხვადასხვა პოზიციების და ინტერესების მქონე ადამიანების პროტესტი სამართლიანია და პროცესები, რომელიც დაჩქარდა 20 ივნისის ღამის შემდეგ, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
„ხელისუფლების ცვლილების წინა პერიოდში ( ეგრეა, ჩვენ დღეს სწორედ ამ რეალობაში ვცხოვრობთ), ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, მიუღებელია თავდასხმები ანტისამთავრობო პროტესტის იმ მონაწილეებზე, რომლებსაც თუნდაც მე, ან „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონს ან/და საერთოდაც ბევრ რამეში არ გვეთახნმება.
საერთო ჯამში, ამ სხვადასხვანაირი, სხვადასხვა პოზიციების და ინტერესების მქონე ადამიანების პროტესტი სამართლიანია და პროცესები, რომელიც დაჩქარდა 20 ივნისის ღამის შემდეგ, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე – ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე.
ვაღიაროთ, მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედების გამო, საკუთარი ინტერესების ხარჯზე ქვეყნის და ადამიანების უფლებების და ინტერესების ფეხქვეშ გათელვის გამო, ივანიშვილი ქართველმა ხალხმა მოიძულა. ახლა ჯერი ჩვენზეა, უნდა ვაჩვენოთ სიმტკიცე, სამოქალაქო ერთობა.
ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტა რომ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ამას არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ასობით ათასი მხარდამჭერი, არამედ საზოგადოების დანარჩენი ნაწილიც აღიარებს.
ჩვენ აუცილებლად გავუშვებთ ივანიშვილს და ჩვენ აუცილებლად გვექნება მშვიდობა, სამართლიანობა, თავისუფლება და კეთილდღეობა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს რეფორმების პაკეტზე, რომელიც გვექნება გასაკეთებელი პროპორციული არჩევნების შემდეგ, იმისთვის, რომ წლების გასვლასთან ერთად უფრო ნაკლები განსხვავება იგრძნობოდეს ჩვენსა და ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის,” – წერს ნიკა მელია.