პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილისა და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბებია, ელენე მაჩალიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართავს.
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვის დროს, ელენე მაჩალიკაშვილმა გიორგი გახარიას შვილიშვილის – მორის მაჩალიკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.
„მე, 73 წლის ქალს, თხოვნა მაქვს მასთან, როგორც ახალგაზრდა კაცთან. შვილებიც ეყოლება, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც. ამ შუაზე გახლეჩილ გულს კიდევ ნუ დააყრის მარილს და თხოვნა მაქვს, რომ გამოუშვან მორის მაჩალიკაშვილი“, – თქვა ელენე მაჩალიკაშვილმა.
როგორც ელენე მაჩალიკაშვილი ამბობს, დაკავებამდე რამდნიმე დღით ადრე, მორის მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და მას დაჭერის საფრთხეზე ესაუბრა.
„ალბათ მან იცოდა, რომ დაიჭერდნენ. მამხნევებდა, არ უნდა ინერვიულო, ბებოო. თურმე, დაკითხვაზე ყოფილა მიყვანილი, თუ კარვები არ დაიშალა და ბიძაშენს არ მოსცილდები, დასაჭერი იქნებიო. ასეთი რაღაც შეუთავაზებიათ. არვიცი, ვინ უთხრა ეს. ძალიან შემეშინდა. ვუთხარი, შვილო, ჩამოვალ და ჩამოგიყვან მეთქი, მაგრამ მორის მაჩალიკაშვილმა მითხრა: ბებო, მე ბიძაჩემს გვერდიდან არ მოვცილდები, არც დავაშავებ რამეს და არც უკანონოდ მოვიქცევიო. ბიძას არ მივატოვებ, რადგან ერთადერთი შვილი მოუკლეს და ახლა ჩვენც რომ გავერიდოთ, სხვანაირად იქნებაო. ასე მელაპარაკა. წავიდა და მესამე დღეს დაიჭირეს“, – განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.
20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ელენე მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მის შვილიშვილს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.
„მე იმ კადრებს ბოლომდე ვუყურე. ესეც ვიცოდი, რომ ჩემი შვილიშვილი იქ არაფერ შუაში იყო. ხელები ჰქონდა აწეული, სუფთა ხელებით ვარო და განზე იდგა. ერთადერთი, რომ გამოჰყავდათ ცუდად გამხდარი მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისულა, ბიძა გამოიყვანეს და მასთან ერთად საავადმყოფოში წავიდა. ასე მგონია, ნამდვილად იმისთვის დაიჭირეს, რომ ის ჩემი გულგახეთქილი, გულდაწყვეტილი, გულჩათუთქული შვილი კიდევ შუაზე გადატეხონ წელში. ეს სიბერე ძალიან ჩამამწარეს. ჯერ ერთი შვილიშვილი ჩამიცხრილეს და ალბათ მეორესაც გამინადგურებენ. ჩემს შვილებს საქართველოსთვის არაფერი დაუშავებიათ. ჩემი შვილს უდანაშაულო შვილი მოუკლეს. სამართლიანი გზით ითხოვს სამართლიანობას“, – განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.
26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მორის მაჩალიკაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მასთან შეხვედრა სთხოვა.