„ლიფტი კუსტარულად არ იყო დამონტაჟებული, უბრალოდ, მომზადების პროცესშია”, – ამის შესახებ კომპანია „გრანდ სითის“ იურისტმა, მერაბ დემეტრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორპუსში მიმდინარეობს როგორც სამშენებლო, ასევე ლიფტის მონტაჟის სამუშაოებიც.
“მშენებარე პროცესი იყო ეს. ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს კომპანიასთან, რომელიც ამონტაჟებს ლიფტს“, – ამბობს იურისტი.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ლიფტის დამონტაჟება დასრულებული არ იყო, როგორ გადაჰქონდათ ტვირთი ან რატომ სარგებლობდნენ ადამიანები ლიფტით, იურისტი ამბობს, რომ ლიფტით ადამიანები არ სარგებლობდნენ.
„უბრალოდ, მუშები, თუ რომელიღაც მობინადრის მუშები, გაუთვალისწინებლად შევიდნენ და გამოიყენეს. ლიფტის გამოყენება გამორიცხულია მანამ, სანამ არ დასრულდება. პასუხისმგებლობის საკითხიც გაირკვევა, გამოძიება დაწყებულია“, – ამბობს იურისტი.
იურისტის თქმით, დაშავებული ადამიანების სამედიცინო ხარჯებს კომპანია დაფარავს.
შეგახსენებთ, ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ლიფტი დღეს, 29 ივლისს, ჩამოვარდა, სადაც 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან დაშადა 4 ადამიანი – 3 თურქეთის და 1 საქართველოს მოქლაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
წყარო: “ბათუმელები”