კაცობრიობის ისტორიაში ყველა ერს და თავის დროზე თავისი უღელი ჰქონია… ყველა ერი სხვადასხვანაირად ეგუებოდა მას და მასთან ბრძოლის ჟინიც და სურვილიც ყველას სხვადასხვანაირი ჰქონდა.
მაგალითად რუსი ადამიანი «შიდა უღლის» ადამიანია! ანუ მას შეუძლია გარედან მომხვდურს თავი შეაკლას და იმავდროულად ძნელად და იშვიათად ძალუძს შიდა უსამართლობა ასეთად განსაზღვროს. რუს ადამიანს ასეთ «შინაურ უღელში» ძალიან დიდხანს შეუძლია იყოს შებმული და ითმინოს… ითმინოს და წელში და სულში გატეხილმა მისგან თავის დახსნის არანაირ მცდელობას არ მიმართოს, კომფორტულადაც კი იგრძნოს თავი.
სხვაა ქართველი ადამიანი!.. ქართველი ადამიანი მის თავზე აწეულ მათრახს თავს არ უხრის და ამ ორ ხალხს შორის ასეთ სხვაობას არა იმდენად რაღაცა გენეტიკური თავისებურებები და განსაკუთრებულობები, არამედ, და ძირითადად, მოსახლეობის სიმჭიდროვე განაპირობებს, რაც თავის მხრივ მის, მოსახლეობის მენტალიტეტს «თლის».
ადვილია მორჩილებაში ამყოფო ასი კაცი, რომლებიც ას კვადრატულ კილომეტრზე გადაშლილ სივრცეში ცხოვრობენ. გაცილებით უფრო მეტად რთულია ერთ ოთახში მცხოვრები ორი ადამიანის დამორჩილება.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება (დავიცვათ ფორმალობა) სასტიკად ცდება, როცა კონტროლის იმავე მეთოდების დანერგვას ცდილობს, რომლებიც ავტორიტარულ რუსეთშია აპრობირებული და ასე თუ ისე ამართლებს… ამართლებს, თუმცა მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებში რყევები დრო და დრო იქაც კი შეინიშნება.
საქართველო და ავტორიტარიზმი ერთმანეთთან იმდენად შეუთავსებელია, რომ მხოლოდ მცირე მინიშნება ავტორიტარიზმზე, მხოლოდ «განაცხადი» მასზე, გამოიწვევს იმ ძვრებს, რა ძვრებსაც სხვა სახელმწიფოებში ხშირად საუკუნოვანი ჩაგვრა იწვევდა ხოლმე და აქაც რა თქმა უნდა კრებითი მოქალაქის მენტალობამდე დავდივართ.
მმართველი კლასისგან ქართველი ხშირად ტყუვდება, ხშირად მოტყუებულა და მმართველ კლასსაც ხშირად უსარგებლია ამით, ოღონდ… სხვაა ტყუილი და სხვაა მუქარა!.. მუქარით ქართველი კი არ შინდება, ნრისხდება და ის, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დღეს სჩადის, არის სუფთა წყლის მუქარა! მუქარა არა მელიების, ოქრუაშვილების, ხაზარაძეების და ა. შ. ინდივიდების მიმართ, არამედ მუქარა, რომლის ადრესატიც მთლიანად ქართველი ერია.
რაში მდგომარეობს გზავნილი? მუქარის არსი? – ერთადერთში: «იყავით მორჩილნი, თორემ!..»-ში.
«საქართველოს ხელისუფლებას» არ შეუძლია ძალაუფლების და შესაბამისად ქვეყნის დაკარგვაც… ის ანგარიშვალდებულია(!) და ქვეყნის დაკარგვისთვის, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ მკაცრად დაისჯება. მას არ შეუძლია დაკარგოს სადავეები და მის ხელში შესანარჩუნებლად, არც მეტი, არც ნაკლები, ერს ემუქრება… ემუქრება და ვერ ათვითცნობიერებს, რომ ამით სადავეებს ხელიდან და ფაქტობრივად ნებაყოფლობით უკვე დღეს უშვებს.
ვასო შონია