სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. ახალი სკვერი, სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა ამჯერად, მესამე მასივში მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, სკვერი და სპორტული მოედანი მესამე მასივის მე-4 კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარედ გაიხსნა.
სკვერის ტერიტორიაზე განთავსებულ ფიტნეს ზონაში 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა სხვადასხვა საბავშვო გასართობი ატრაქციონი, საბაღე სკამები და ურნები. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.
პროექტის ფარგლებში, ახალი სპორტული მოედანი 520 კვ.მ ფართობზე განთავსდა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირებულია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე დამონტაჟდა ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები, მოეწყო გარე განათების სისტემა.
სკვერის, სპორტული მოედნისა და ფიტნეს ზონის მოსაწყობად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 184 860 ლარი გამოიყო.
მიმდინარე წელს სამგორის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე უკვე რვა სპორტული მოედანი, ოთხი სკვერი და 26 ფიტნეს ზონა მოეწყო.