საქართველოს გადამხდელთა კავშირის განცხადების საფუძველზე, “თიბისი ბანკისა” და მისი თანადამფუძნებლების საქმესთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველო” დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სწორედ ამ საკითხს უკავშირდება და აღნიშნავს, რომ ის ძირეულ შესწავლას საჭიროებს.
“ზამთარში როგორც კი პროცესები დაიწყო “თიბისი ბანკთან” , ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან მიმართებით, “ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რათა არ დამფრთხალიყვნენ ინვესტორები. არა მხოლოდ ბანკები, არამედ ქართული ეკონომიკა არ განიცდიდა ზარალს და არ მივიღებდით იმას, რაც დღეს ყველაზე კარგად ლარის კურსშია ასახული. მმართველი პარტია კვლავ უძალიანდება ამას, თუმცა ჩვენ, გადამხდელთა კავშირის განცხადების ფონზე კვლავ ვაყენებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
გადასახადის გადამხდელთა კავშირი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ინიციატივით გამოდის, რომ პარლამენტში შეიქმნას „ხაზარაძე-ჯაფარიძის” საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.