“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრინციპულია, რომ “რუსთავი 2“ დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩეს და თუ ამის გარანტია არ იქნება, წინადადებას ვერ მიიღებს.
მისი თქმით, პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და ის გუშინ საღამოს პაატა სალიას შეხვდა.
“ქიბარი არ დაგვიპატიჟებია. უბრალოდ რაღაც ინფორმაცია გავცვალეთ და ითქვა, რომ ალბათ, უახლოეს დღეებში ქიბარ ხალვაშთან შეხვედრა შედგება“, – განაცხადა დვალმა.
რაც შეეხება შეთავაზებას, 50 %-იან წილთან დაკავშირებით არის თუ არა ძალაში, დვალის თქმით, პაატა სალიას ეს ინფორმაცია არ გააჩნია.
მისივე განცხადებით, ხალვაშთან შეხვედრაზე გაირკვევა, რა არის ძალაში და რა არა. ამასთან, დვალის ინფორმაციით, მათ სალიამ გააცნო ტელევიზიაში არსებული მდგომარეობა.
კითხვაზე, პაატა სალიას დირექტორად დანიშვნა ხალვაშის მხრიდან პირობის დარღვევად ხომ არ აღიქვა, დვალი პასუხობს, რომ ამ თემაზე რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს ხალვაშთან შეხვედრამდე.
“მე მგონი, ყველას კარგად გახსოვთ ხმამაღლა და საქვეყნოდ იყო გაცხადებული დაპირება რაში მდგომარეობდა. შევხვდებით ხალვაშს და ჩემს მოსაზრებას მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენებთ. მე მაქვს რაღაც წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ “რუსთავი 2 “დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია დარჩეს. თუ ამის გარანტია არ იქნება, მე წინადადებას ვერ მივიღებ. ამ ეტაპზე ხიფათებს ვხედავ, თუმცა საუბრის შემდეგ უფრო ზუსტად შემეძლება გითხრათ ეს ხიფათი რა არის,” – განაცხადა დვალმა.
ამასთან, დავით დვალმა გააკეთა კომენტარი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც. დვალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილმა ბევრი აბსურდი თქვა, ის ხედავს მის დაკავებასა და გაკეთებულ განცხადებებს შორის კავშირს.
ამ წუთებში პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციონერი დეპუტატები „რუსთავის 2“-ის დამფუძნებლებს – დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ხვდებიან.