საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) თიბისი ბანკის ჯგუფის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, IFC მიესალმება თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ.
„საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ინფორმირებულია თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების და თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შესახებ. ჩვენ მივესალმებით თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ, რათა მთელი ყურადღება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს დაუთმონ. თიბისი ბანკს წამყვანი როლი აქვს საქართველოს საბანკო სექტორში და ველით ამ საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას, რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ შედეგებს ააცილებს თავიდან. IFC იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წელს თიბისი ბანკის აქციონერი გახდა და ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ თიბისი ბანკის ჯგუფის მხარდაჭერას. საბანკო სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის და ჩვენი მიზანია განვაგრძოთ ფინანსური სექტორის განვითარების და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა”, -აღნიშნულია განცხადებაში.