“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი, ირაკლი მეზურნიშვილი, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე აშშ-ს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას მოითხოვს.
“რა თქმა უნდა, ამერიკის საელჩომ უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტება, კონკრეტულად, რას გულისხმობს და უფრო დეტალებში ალბათ მართებული იქნება, აშშ-ს საელჩომ უფრო ნათელი და ღია განმარტება გააკეთოს”, — განაცხადა მეზურნიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
დეპუტატის მტკიცებით, აშშ-შიც მომხდარა შემთხვევა, როცა მაღალი დონის ბიზნესმენის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ გაჩენილა კითხვები.
“შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამ განცხადებას, მაგრამ აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ თვითონ აშშ-ში არაერთხელ მომხდარა ის, რომ მაღალი დონის, წარმატებული ბიზნესმენების, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გაჩენილა კითხვები და ისინი აღმომჩდარან სასამართლოს წინაშე. ტრაგედია და უპრეცედენტო არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში”, — აცხადებს დეპუტატი.
მინ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა.
“პროკურატურა არ უთანხმებს არც ანაკლიის კონსორციუმს, არც ხელისუფლებას და არც სხვებს, როდის უნდა მოხდეს ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება”, — აღნიშნა მმართველი გუნდის წევრმა.
ცნობისათვის, საქართველოში აშშ-ს საელჩო თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისთვისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტისა და დროის გარემოების გამო შეშფოთებას გამოხატავს.