ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან ავიაფრენებს დააფინანსებს

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს დაასუბსიდირებს. მთავრობამ ამისათვის 600 ათასამდე ევრო უკვე გამოყო. შესაბამის დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მოაწერა. დადგენილება ძალაში დღეს, 24 ივლისს, შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე, მაქსიმუმ, 90 ევროთი დააფინანსებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის განკარგულებაში ცვლილებები შედის. დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ტრანზიტულ ფრენებს შეასრულებს.

“სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებად ითვლება რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები, თუკი სახეზეა რეგულარული სატრანზიტო ფრენა და ხორციელდება მგზავრების თბილისის ან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გადაყვანა რუსეთის ნებისმიერი აეროპორტიდან, რომლიდანაც ხდება მოგზაურობის დაწყება (და პირიქით). ერევანის საერთაშორისო აეროპორტი კი გამოიყენება სატრანზიტოდ”, — წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საქართველო-რუსეთის პირდაპირი ხაზით ავიაფრენები აკრძალა.

იტვირთბა....