ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა

საქართველოში ევროპის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage  შემოდის. ის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარიულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს.

გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage-ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიო მასშტაბით 100 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

Eiffage-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და კონტრაქტის მიხედვით მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე, სულ, 1500 ადამიანი დასაქმდება. ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში.

Eiffage 1844 წელს დაარსდა. მსოფლიო მასშტაბით მის მიერ განხორციელებული პროექტები, როგორც ურბანული განვითარების, ისევე პორტების, სამანქანო გზებისა თუ ენერგოსისტემების მშენებლობის მიმართულებებს მოიცავს. დღეისთვის Eiffage-ი მსოფლიოს 5 კონტინენტზე 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 70,400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

კომპანია Eiffage გამოირჩევა მშენებლობაში ინოვატორული მიდგომებით, უსაფრთხოებისა და ხარისხის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტების დაცვით და თანამშრომლებისთვის შრომის საუკეთესო პირობების უზრუნველყოფით.

Eiffage-ის მიერ განხორციელებულია ისეთი დიდი მასშტაბის პროექტები, როგორიცაა Port of Barcelona და Port of Dakar ესპანეთსა და სენეგალში, ხიდები და სარკინიგზო გზები ევროპის მრავალ ქვეყანაში, EuroAirport Basel Mulhouse Freiburg შვეიცარიასა და Airport – Crete საბერძნეთში, უდიდესი ხიდები El Tigre Viaduct და Unibridge® bridges კოლუმბიასა და ფილიპინებში და სხვა.

გამომწერი

იტვირთბა....