ყველა ზღვარს რომ გადააბიჯებს ადამიანი, მისმა პატრონმა უნდა გააჩეროს, თუ ამის უნარი აქვს და როგორც ჩანს, არ აქვს, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, კოლეგის, ვანო ზარდიაშვილის, მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.
„პარლამენტში შეიძლება ბევრი შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი იყოს, ისეთიც, რომელიც არ იმსახურებდეს ამ შენობაში ყოფნას, მაგრამ როდესაც პარლამენტია წევრი გქვია, სტატუსი გავალდებულებს, რომ მოიქცე მინიმალური ეთიკის დაცვით. ის, რასაც ეს ადამიანი კადრულობს, არაფერში წერია, არც ეთიკაში და არც მორალში. ყველა ზღვარს რომ გადააბიჯებს ადამიანი, მისმა პატრონმა უნდა გააჩეროს, თუ ამის უნარი აქვს და როგორც ჩანს არ აქვს. ვიღაცამ უთხრას ზარდიაშვილს, რომ ეს არის კატასტროფა, რასაც ის კადრულობს“, – აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას კორუმპირებულად მიიჩნევს, რის შესახებაც მან დღეს განაცხადა.
„ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია ძალიან ახლოს არის კორუფციასთან და კორუფციის რისკის მატარებელია. მან ქვეცნობიერად თავისი პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი, დოლარები იმდენად უყვარს. ვინც მის პარტიაში გაწევრიანდება, ან დოლარებისთვის მიდის, ან დოლარების მისაღებად. ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია კორუმპირებულია“, – თქვა ზარდიაშვილი.