საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა მაია ცქიტიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გმობს ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანის მიმართ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალის მიმართ არის თუ მამაკაცის მიმართ.
„საქართველოში პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს დაცული უპირობოდ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გმობს ბულინგის ნებისმიერ გამოვლინებას. თქვენ იცით, რომ თავადაც არაერთხელ ყოფილა ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის მსხვერპლი. შესაბამისად, მას ძალიან კარგად ესმის ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მდგომარეობა. სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგება ქალების და არა მხოლოდ ქალების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერი ფორმით ფსიქოლოგიურ ძალადობას, ზეწოლას და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხებთან დაკავშირებით, რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შესაბამისი მიმართულების მრჩეველი უკვე მუშაობს.
პრეზიდენტი გმობს ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანის მიმართ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალის მიმართ არის თუ მამაკაცის მიმართ. პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს დაცული და ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა იყოს გამორიცხული“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეკა ბესელიაზე მისი კომენტარი არაეთიკურად არ მიაჩნია.