დღესა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება კვლავ გაიმართა. საბჭოს წევრები ამჯერად გენპროკურორს შალვა თადუმაძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძესა და არამოსამართლე კანდიდატს გიორგი თევდორაშვილს მოუსმენენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არამოსამართლე კოლეგებს პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, რათა მოსამართლეთა სია პარლამენტს გონივრულ ვადაში ვერ წარედგინოს.
“უამრავი სისტემური დარღვევა დაგროვდა უკვე. მაგალითად, ხშირად მოსამართლეები კარნახობენ კანდიდატებს პასუხს, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ ის კითხვებს პასუხს ვერ გასცემს, მაგრამ გამოვლინდა უკვე ცალსახად დარღვევა შრომის კანონმდებლობის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის და საჯარო ინტერესის ზოგადად იმიტომ, რომ საბჭო აგრძელებს ღამ-ღამობით გასაუბრებას”- აცხადებს ანა დოლიძე.
იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი კი გასაუბრების პროცესს კლანის მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს და ამბობს, რომ დაინტერესებული პირები უკან არ დაიხევენ.
“კლანს თუ აქვს ინტერესი რომ ვინმესთან ჰქონდეს რაიმე ტიპის გარიგება, არამგონია რომ მათ უკან დაიხიონ… ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელიც დაგვიდგა ჩინჩალაძე, გვრიტიშვილმა, მურუსიძემ და ამ ხალხმა, ვის ინტერესშიც არის რომ თავისი კადრებით, თავისი მოსამართლეებით დააკომპლექტოს უზენაესის სასამართლო” – აცხადებს ჯანეზაშვილი.