ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უხერხულია თადუმაძის მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსში ნახვა, ვერ ვხსნი, რატომ აღარ სურს გენერალური პროკურორობა” – ვერძეული

ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო ვერძეულმა განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია ერთი წლისთავზე გენერალური პროკურორი ამბობდეს, რომ აღარ სურს გენერალური პროკურორობა და ურჩევნია, იყოს მოსამართლე

ვერძეულის თქმით, მისთვის გაუგებარი და უხერხულია თანამდებობის პირის მხრიდან ასეთი განაცხადი.

„ჩემთვის არამარტო უცნაურია, უხერხულიც არის გენერალური პროკურორის ამ სტატუსში ნახვა. მით უმეტეს, როდესაც ერთი წლის დანიშნულია ამ თანამდებობაზე. ჩემი ზარით, შერჩევის მნიშვნელოვანი და სერიოზული ეტაპები გაიარა და კონკრეტული ხედვით მივიდა იმ უწყებაში, სადაც მივიდა. ამიტომ, ვერ ვხსნი ერთი წლისთავზე როგორ შეიძლება გენერალური პროკურორი, რომლის ამ ერთწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა, როგორ შეიძლება ახლა ამბობდეს, რომ აღარ სურს გენერალური პროკურორობა და ურჩევნია იყოს მოსამართლე. ეს რა ტიპის პროფესიული არჩევანი და განაცხადია საერთოდ თანამდებობის პირის მხრიდან, ჩემთვის გაუგებარია და უხერხულიც“, – განაცხადა ვერძეულმა.

​​ამასთან, როგორც სოფო ვერძეულმა განაცხადა, დღეს არ არის საუბარი ერთი სასამართლოს დაკომპლექტებაზე.

„ვცდილობთ, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებით არსებითი ცვლილება შევიტანოთ სასამართლოში. უზენაესი სასამართლო არის ის ინსტანცია, რომელზეც ჯერ ვერ მოხერხდა ბერკეტების გავრცელება იმ დოზით, როგორც ეს პირველ-მეორე ინსტანციის სასამართლოებშია. ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, მოვახერხებთ თუ არა, რომ სასამართლოში ღირებულებითი, არსებითი ცვლილება შევიტანოთ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების თემით. ეს არ არის ტექნიკური პროცესი, რომელსაც სიჩქარე რაიმე ფორმით წაადგება. საბოლოო ჯამში, ადრესატი არის პარლამენტი, რომელმაც ამ საკითხს უნდა შეხედოს იმგვარად, რომ სასამართლოში დაინიშნოს იმ ოდენობის მოსამართლეები, რაც ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლომ უბრალოდ ფუნქციონირება გააგრძელოს. არ ვფიქრობ, რომ სიჩქარე და თვითმიზნურად მოქმედება, რომ აუცილებლად ყველა ვაკანსია ამ მოქმედმა პარლამენტმა უნდა შეავსოს, შეიძლება არც იყოს სწორი. პარლამენტი უნდა მოქმედებდეს პოლიტიკური კონსენსუსის გზით, რაც უზრუნველყოფს, გვყავდეს არა რომელიმე პარტიისთვის მისაღები და სასარგებლო კანდიდატურა უზენაეს სასამართლოში, არამედ პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება, კონსენსუსი მოხდეს კანდიდატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფო ვერძეულმა.

იტვირთბა....