მე მაქვს სხვა ფუნქციები, ქიბარი, ჯარჯი და დათო თვითონ გაერკვევიან, – ამის შესახებ „რუსთავი 2“ -ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სალიამ აღნიშნა, რომ ამჟამად სხვა საქმეების მოგვარებითაა დაკავებული
“მე არ მაქვს ჯარჯისთან და დათოსთან კომუნიკაცია, მე ახლა ვარ დაკავებული კონკრეტული ამოცანების გადაჭრით. ქიბარი, ჯარჯი და დათო თვითონ გაერკვევიან, ეს არ არის ჩემი ფუნქცია, მე მაქვს სხვა ფუნქციები, რომლებიც გადაუდებელ გადაჭრას მოითხოვს და მე ამით ვარ დაკავებული“-განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის, განცხდებით, ქიბარ ხალვაში მას და ჯარჯი აქიმიძეს არ დაჰკავშირებია და, საჯარო მილოცვის გარდა, მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
დვალმა აღნიშნა, რომ, ქიბარ ხალვაში უკვე მენეჯერს ისე არჩევს, რომ დამფუძნებლებს არ შეჰხმიანებია.
„ქიბარ ხალვაში არ დაგვკავშირებია, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია გარდა იმისა, რაც ღიად, საჯაროდ მივულოცეთ და მანაც გამოთქვა საჯაროდ. არანაირი უშუალო კონტაქტი არ გვქონია და ეჭვებთან დაკავშირებით განცხადება ზუსტად ამის გამოძახილია. რა თქმა უნდა, ცოტა საეჭვოა, როცა ადამიანთან პარტნიორობაზე ლაპარაკობს და თან უკვე მენეჯმენტს არჩევს ისე, რომ არც შეგვხმიანებია“, – განაცხადა დავით დვალმა.
დავით დვალმა ასევე დაამატა, რომ პროკურატურისგან სამართლებრივ სტატუსს იმისათვის ითხოვს, რომ ერთი ადამიანის კეთილგანწყობაზე არ იყოს დამოკიდებული, დაუბრუნდება თუ არა მას „რუსთავი 2“.
„ეს არის ქიბარ ხალვაშის ინიციატივა, მისი კეთილი ნება, ვერ დავავალდებულებ. ზუსტად ამიტომ ვითხოვთ ჩვენ პროკურატურისგან, რომ მჭირდება სამართლებრივი სტატუსი და არა ის, რომ ერთი კერძო ადამიანის კეთილგანწყობაზე არის დამოკიდებული, დამიბრუნდება თუ არა „რუსთავი 2“. ეს არის მთელი პრობლემა და ჩვენი განცხადებების დედააზრი“, – განაცხადა დავით დვალმა.