პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, წინააღმდეგ გენერალური პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ოქრუაშვილს დღეს არ უთქვამს, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.
„ოქრუაშვილის განცხადებას პროკურატურის მხრიდან ვერ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, რადგან მას არ განუცხადებია იმის თაობაზე, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა”, – განაცხადეს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, ოქრუაშვილმა დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წილების დათმობასთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას პროკურორი ირაკლი შოთაძე დაუკავშირდა და 2014 წელს გორში ადგილობრივ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩვენების მიცემა მოსთხოვა იმ სახით, რა სახითაც მიცემული აქვს.