ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი, ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას, ჯარჯი აქიმიძესა და „რუსთავი 2“-ს შორის დგას.
დვალის თქმით, მათი საქმის გამოძიება სხვის მიერ არის მართული
„რა მინიშნება უნდა. ოთხი წელია, ველოდებით გამოძიებისგან, რომ ნაბიჯი წინ გადაიდგმება. ბევრჯერ გვაქვს უკვე ნათქვამი. პრაქტიკულად გამოძიება დასრულებულია, მზად არის, შეუძლია პროკურატურას სვლა მისცეს? მაგრამ ეს არ ხდება. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ოთხი პროკურორი გამოიცვალა და მიუხედავად ამისა, ოთხივე პროკურორმა რატომღაც ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ მისცეს სვლა და შემდეგი ნაბიჯი არ გადაიდგას, ანუ ბრალი არავის წაეყენოს. ჯერ ამ სტადიაში ვართ. სწორედ ეს სინქრონული მოქმედება მაფიქრებინებს, რომ ეს გადაწყვეტილება მართულია. რა დამალვა უნდა, მგონია, რომ ამ პროცესს აფერხებს ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა დავით დვალმა.
ცნობისათვის, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დღეს განცხადება გაავრცელეს: „დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.