„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ, დღეს პარტიის წარმომადგენლების მიერ მოსკოვში გამართული ვიზიტის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
მარშანიამ განაცხადა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები მიმდინარე წლის 20 ივნისის შემდეგ უკიდურესად დაძაბულია.
„მიმდინარე წლის 15 ივლისს, საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტაცია შეხვდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორებს. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ 20 ივნისიდან მოყოლებული უკიდურესად დაიძაბა ქართულ-რუსული ურთიერთობები და ვითარება უახლოვდება 11 წლის წინანდელ ნიშნულს. ასევე, ორივე მხარეს აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მიზნად ისახავს ვითარების მაქსიმალურად განმუხტვას, დაძაბულობის შემცირებას და არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიებას.
სერგეი გავრილოვის ირგვლივ შექმნილი ვითარება იყო პროვოკაცია. „პატრიოტთა ალიანსი“ პირველივე დღიდან საუბრობდა, რომ გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობა ვერ მოხდებოდა „ქართული ოცნების“ უშუალო მონაწილეობის გარეშე. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბოკერიას პარტიის წევრების შემოვარდნა ადასტურებს ამ პროვოკაციაში ბოკერიას ჯგუფის მონაწილეობას. „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი იყო საქმეში სააკაშვილის ჯგუფის ჩართვა, რამაც გამოიწვია სიტუაციის დესტაბილიზაცია, უდანაშაულო ადამიანების დასახიჩრება, საზოგადოების მღელვარება და ქართულ-რუსული ურთიერთობის უკიდურესი გამწვავება. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვეულებრივ ადამიანებს არ სურთ რუსეთთან ვითარების უკიდურესი დაძაბვა, ტურისტების მიმოსვლის მასობრივი შეზღუდვა, არ სურთ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა, ფულადი გზავნილებისა და ვაჭრობის შეზღუდვა და რამე სახის გართულებები“, – აღნიშნა მარშანიამ.
მისივე თქმით, რუსეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ნულოვანი წინსვლა, უფრო სწორად კი – უკუსვლა, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში, რადიკალურად განსხვავებულმა პოზიციებმა, მიდგომებმა და ტერმინოლოგიამ არ მოიტანა მშვიდობა და პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს ნულოვანი წინსვლა, უფრო სწორად უკუსვლა. აღინიშნა, რომ საჭიროა სრულიად ახალი პლატფორმა, ახალი ტერმინები, ახალი ქმედებები, რომელიც კი არ გაზრდის დაძაბულობას, არამედ შეამცირებს და გულწრფელ დიალოგს მოგვიტანს, შემდეგ ვითარების განმუხტვას და წაგვიყვანს მშვიდობის და ჩატეხილი ხიდების აღდგენისკენ“, – აღნიშნ დეპუტატმა.