იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“საბჭო სრულიად ფორსირებულ რეჟიმში ატარებს გასაუბრებებს და ამით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და გვართმევს ჩვენი საქმიანობის განხორციელების უფლებას. ეს არის განპირობებული იმით, რომ უნდათ, გასაუბრება ჩაატარონ ზედაპირულად, სასწრაფოდ აგვისტოში წარადგნინონ ეს კანნიდატები და დაამტკიცონ პარლამენტში. ჩვენ დავტოვეთ გასაუბრების ის ეტაპი, რომელიც სცილდება ნორმალურ, საქმიან გარემოს. არ ვფიქრობ, რომ სწორია შუაღამით კანდიდატებთან გასაუბრება. ეს პრაქტიკა ამ შენობაში 2006-2007 წელს იყო, როცა ღამღამობით ატარებდნენ სხდომებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ჩინჩალაძის,მურუსიძის და ამ “კლანის” შესახებ შეკითხვა მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ
“ყველას აქვს უფლება დასვას შეკითხვა. ამ უფლებით მინდა ვისარგებლო იმისათვის, რომ გავარკვიო იმსახურებს თუ არა ესა თუ ის კანდიდატი გადავიდეს 20 კაციან სიაში,ან საერთოდ იმსახურებს, თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას. ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ბევრი კითხვაა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დიმიტრი გვრიტიშვილს მოეჩვენა, რომ კითხვები იყო სულელური. ეს სამარცხვინო შეფასებაა მოსამართლის მხრიდან. არ შეიძლება მოსამართლე ამ ლექსიკით საუბრობდეს კოლეგაზე. მე დავსვი ყველა ის შეკითხვა, რომელიც იყო ჩემთვის საინტერესო. ჩინჩალაძის,მურუსიძის და ამ “კლანის” შესახებ შეკითხვა მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ გასაუბრება გადადებულიყო, ვინაიდან გვაქვს დრო, გავაგრძელოთ გასაუბრება სამუშაო საათებში.19:00 საათზე რომ გასაუბრებას დაიწყებ და ღამის 12:00 საათზე დაასრულებ, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება ამ პროცესისადმი. ეს ხალხი თავისი შეკითხვებით ამჟღავნებს ამას“, – აღნიშნა ჯანეზაშვილმა.
ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მირანდა ერემაძეს უსმენენ.