ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა

უკრაინის პროკურატურას იულია სუსლიაკის საქმე გადაეცა. ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა

ორი ან მეტი პირი მიმართ ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

„ვინაიდან მტკიცებულებების უმეტესობა ინახება უკრაინაში ბრალდებამ გამოძიების მიმდინარეობისას მიმართა უკრაინას ორჯერ მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს მტკიცებულებები ქართულ მხარეს არ მიუღია. ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქმე გადაიგზავნოს უკრაინის პროკურატურაში. მტკიცებულებები, მოწმეების ჩვენებების ბაზა წერილობითი მტკიცებულებები არის უკრაინაში და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ გადავაგზავნოთ. აქ არაა საუბარი ექსტრადირებაზე. ვინაიდან გუშინ იქნა გამოტანილი დადგენილება საქმის გადაგზავნის შესახებ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქართული მხარის წარმოებაში ეს საქმე არ არის და ვინაიდან ეს საქმე ქართული მხარის წარმოებაში არ არის, საქართველოში მის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნებოდა”, – აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.

„მალულად, ფარულად გენერალური პროკურატურისგან იქნა შემოტანილი შუამდგომლობა იულია სუსლიაკის საქმეზე პატიმრობის გაუქმების თაობაზე. ჩაფიქრებული აქვთ, რომ იულია სუსლიაკი ხელახლა დააპატიმრონ, ჩასვან თვითმფრინავში და გაამგზავრონ. ვითხოვთ სახალხო დამცველის და პრესის ჩართვას. ორია დღეა, პროკურორები და გამომძიებლები მთხოვენ, შევუძინო ბილეთი იულია სუსლიაკს და გავამგზავრო კიევის რეისზე. არ შევიძენ. აქვს სრული თავისუფლება და არავის აქვს უფლება შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება. ის სპექტაკლი რაც აქვთ დაგეგმილი, არ გამოუვათ”, – განაცხადა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით აპრილში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

იტვირთბა....