ქიბარ ხალვაშის ადვკატი და “რუსთავი 2” – ის ახალი დირექტორი, პაატა სალია, სამაუწყებლო კომპანიას ესტუმრა და თანამშრომლებთან დიალოგი ჰქონდა.
„რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ მაგალითად, ხვალ დილით მობრძანდეთ პირობითად 10 კონტრაქტით, ეს კონტრაქტები შეეხებოდეს ნოდარ მელაძეს, პაატა იაკობაშვილს, გიორგი გაბუნიას, ვანო ჯავახიშვილს, ვისზეც სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ პრობლემებს უქმნიან მთავარ ადამიანს, თუ მათ დაუდებთ ორწლიან კონტრაქტს, რომელიც ამ ადამიანებს მისცემს გარანტიას, რომ ვერავინ მოგხსნით, რაზეც არ უნდა იხუმროთ, რაც არ უნდა გააშუქოთ, მე პირადად თქვენ გენდობით“, – მიმართა არხის ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟლიანმა.
სალიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მათ შორის შეთანხმება მხოლოდ ნიკა გვარამიას ტელეკომპანიაში დატოვებაზე ვერ შედგება.
„მე ვფიქრობ, რომ ახლა პირველი ნაბიჯი გადაიდგა იქითკენ, რომ რაღაც კონსტრუქციული საუბარი დავიწყოთ. მე გავიგე რაზეც საუბრობთ. კონტრაქტი ასე მარტივად არ დგება. ობიექტურად რომ შევხედოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მესაკუთრე იცვლება და კომპანიაში ტოვებს ისევ ძველ დირექტორს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის წინააღმდეგ ახორციელებდა მოქმედებებს და ხელს უშლიდა კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებაში?! ქიბარ ხალვაშს არ წამოუდგენია, რომ ნიკა გავრამიასთან მას შეუძლია თანამშრომლობა. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ გამოუხატავს“, – მიმართა სალიამ ჟორჟოლიანს.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.
ქიბარ ხალვაშმა დღესვე განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.
ამავდროულად, ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ნიკა გვარამია გადაყენების მოთხოვნით მიმართა.
ამავდროულად გვარამიამ განაცხაა, რომ მას კონტრაქტი აქვს და მის ამოწურვამდე არსად წავა.
ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის” წილების გადასაფორმებლად საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.
იუსტიციის სახლში ამ წუთებში ოფიციალურად დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაში როგორც “რუსთავი 2”-ის მესაკუთრე. დოკუმენტების მიხედვით, ის 60 პროცენტის მფლობელია, ხოლო შპს “პანორამა” – 40.
გარდა ამისა, ხალვაშმა მეორე განცხადებითაც მიმართა რეესტრს, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი აღარ არის. ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.
2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“.
სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.