საქართველო ახლა საპარლამენტო რესპუბლიკაა. სუპერსაპრეზიდენტოდან გაცილებით სტაბილურ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა იოლი არ იყო. მანამდე არსებული კონსტიტუციური სტრუქტურა არასაიმედო იყო და არ გააჩნდა ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, რუსული ოკუპაცია დროებითი მოვლენაა და ამ უთანასწორო ბრძოლას მშიდობიანად მოაგვარებენ;
“გვწამს, რომ რუსული ოკუპაცია მხოლოდ დროებითია. ჩვენი პასუხი არის მეტი დემოკრატია და წარმატებების მეტი კონსოლიდაცია. ჩვენი მიზანია, ეს უთანასწორო ბრძოლა რუსეთთან, მშვიდობიანი, თუმცა მტკიცე წინააღმდეგობის გაწევით, გამარჯვებით დავასრულოთ”, – მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებაც ისაუბრა.
“პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებამ მოახდინა ინიცირება მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ, რაც ასე აკლდა ქართულ პოლიტიკას გასულ ათწლეულებში “,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.