პროპორციული არჩევნები უდრის კოალიციურ მმართველობას, მაგრამ მომავალ კოალიციებზე დღეს საუბარი უსაგნო და უაზროა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილა, სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა.
„შენების მოძრაობის“ სამომავლო პრიორიტეტია ისეთი ახალი, ცენტრისტული, ქვეყნის უკეთ მართვის შემძლე პოლიტიკური ორგანიზაციის თანადამფუძნებლობა, რომელიც გაისიგრძეგანებს 30 წლიან მწარე პოლიტიკურ გამოცდილებას, ასპარეზს გაუხსნის ახალ თაობას ახალი ხედვებით და დაასრულებს მტრობაზე და სიძულვილზე დაფუძნებულ ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემას.
არც წარსულში ვყოფილვართ რაიმე გაერთიანებაში და ვერც მომავალში ვხედავთ თავს კოალიციაში, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსთან. დარწმუნებული ვარ, იგივე დამოკიდებულება აქვთ მათ ჩვენდამი, რისი მიზეზიც გაცილებით ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.
. წარსულში ვიყავი როგორც 2003 წლის, ისე 2012 წლის ცვლილებების თანამონაწილე და ერთგული ვრჩები იმ პრინციპების და დაპირებებისა, რომლებიც ჯერ „ნაცმოძრაობამ“ დაივიწყა და შემდეგ – „ოცნებამ“. ვნახოთ, რომელიმე მათგანისთვის წარსული იქცევა თუ არა გაკვეთილად, რაც ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში თანამონაწილეობას შეაძლებინებთ. ჯერ-ჯერობით არც ერთს არაფერი ეტყობა საამისო და თავს მხოლოდ იმით იწონებენ, რომ „იმან ხომ მეტი გააფუჭა“ ან „ესეც ხომ ისევე ცუდად იქცევა“, – წერს უსუფაშვილი.