ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან გარეჯის თემაზეა, სიკეთე არ იქნება” – არქიმანდრიტი ილარიონი

გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილარიონმა ვიდეომიმართვაში, სადაც დავით გარეჯში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს განაცხადა, რომ ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე.

„კომისიის მუშაობას, რომელიც ჩვენი და აზერბაიჯანის მხრიდან მუშაობს, არ ვიცი ამას მუშაობა როგორ უნდა დავარქვა. წლებია არაფერი ჩვენს სასიკეთოდ არ გადაწყვეტილა. ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის. პრობლემა არის იმიტომ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ გვეუბნებიან, ხელს ნუ გვიშლით, ნუ ამწვავებთ საკითხს, რომ მშვიდ ფონზე მოვაგვაროთ, გადავწყვიტოთო. ამ გაზაფხულზე სწორედ ასე შემოგვითვალა ბატონმა ლაშა დარსალიამ, ნუ ამწვავებთ საკითხს, მაცადეთ, რომ მშვიდად ვისაუბროო. როცა ჩვენ დავმშვიდდით და ხმა აღარ ამოვიღეთ, აზერბაიჯანის მხარემ ბულდოზერები მოაყენა და გადათხარეს მთელი ჩიჩხიტურის მონასტერი და გზა გამოიყვანეს. 21-ე საუკუნეში შეგვიცვალეს ისტორიული მოცემულობა.

ასე მოხდა 2005-2007 წლებში, როდესაც ჩვენ ყაზარმა აგვიშენეს იქვე, ჩიჩხიტურის დაბლა მინდორზე. ჩვენ გვეგონა, რომ იქ ფერმა შენდებოდა, თუმცა აშენდა სამხედრო ობიექტი. ფერმაც რომ ყოფილიყო, ჩვენი მხრიდან მკაცრი შეფასება უნდა ყოფილიყო. ახლა კი გაიყვანეს გზა. ე.ი. ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს ნიშნავს, რომ მათი პრეტენზიები იქნება უფრო მკვეთრი. არანაირი მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის შესახებ მედიით გაიგო. ეს ხომ კატასტროფაა. სად არის ქვეყნის უსაფრთხოება?!“ – აცხადებს არქიმანდრიტი ილარიონი.

იტვირთბა....