“ქალთა მოძრაობა” ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას სოლიდარობას უცხადებს და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.
“ქალთა მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ქალთა მოძრაობა” სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და გმობს მის მიმართ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის მხრიდან სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელ განცხადებას.
11 ივლისს, TV პირველის საავტორო გადაცემაში “რეაქცია” ინგა გრიგოლიას სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. მის გადადგომას უკვე მრავალი დღეა ითხოვენ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილენი.
ინტერვიუს შემდეგ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, შსს-ს მინისტრთან ინტერვიუს გამო, ტვ პირველის წამყვანი, ინგა გრიგოლია, შეურაცხმყოფელად მოიხსენია. “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის” – წერს ლევან ონიანი “ქართული ოცნების” ერთერთი აქტივისტის პოსტის კომენტარებში.
ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ სექსისტრური, ძალადობრივი და დისკრიმიმინაციული დამოკიდებულებები არაერთხელ გამოუვლენიათ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ პარტიის მხრიდან ამას სათანადო რეაგირება არასოდეს მოჰყოლია და თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც მსგავს დამოკიდებულებებს ავლენენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის – თამაზ ფაცაციას მხრიდან, არაერთი სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებები ვრცელდებოდა ფეისბუქზე, სანდრა რულოვსისა და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიის ქალი პოლიტიკოსების – თინა ბოკუჩავას და ანა წითლიძის მისამართით. „ქალთა მოძრაობამ“ მაშინაც მოუწოდებდამმართველ პარტიას, რომ სექსისტური განცხადებების გამო საკუთარი რიგებიდან გაერიცხათ თამაზ ფაცაცია. მაშინ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ ამ ფაქტებს რეაგირება არჩევნების შემდეგ მოჰყვებოდა, მაგრამ თამაზ ფაცაცია დღემდე რჩება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ და პარტია „ქართული ოცნების“ წევრად.
საქართველოში, დაახლოებით, 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია, ხოლო 67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია საჯარო პირების მხრიდან, სექსუალური ძალადობის წამახალისებელი განცხადებები და მათი რეაგირების გარეშე დატოვება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც გაცხადებულია გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და დემოკრატიული განვითარების კურსი, ლევან ონიანის მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები, არ უნდა იკავებდნენ თანამდებობებს.
მოვუწოდებთ რუსთავის საკრებულოს, რომ სექსისტური განცხადებების გამო, გადააყენონ საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან, ხოლო მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ – საკუთარი რიგებიდან გარიცხოს ლევან ონიანი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ბოდიში ადამიანის პერსონალური მორალური პასუხისმგებლობაა და არა პოლიტიკური. ამიტომ, ლევან ონიანის ბოდიში ვერ ჩაითველაბ რაიმე სახის პოლიტიკურ პასუხისმგებლობად! ”
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიას ტელეკომპანია “პირველში” გადაცემაში “რეაქცია” სტუმრად ყავდა მიწვეული შს მინიტრი გიორგი გახარია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტელეწამყვან გრიგოლიაზე და ამ გადაცემაზე სტატუსი დაწერა, რაზეც ონიანის კომენტარი მოყვა – ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ლევან ონიანის თავდაპირველი განცხადებით, მან გრიგოლიაზე დაწერილ პოსტზე კომენტარში სხვა ინგა იგულისხმა.
თუმცა, მოგვიანებით, ონიანმა გრიგოლიას სოციალურ ქსელში ბოდიში მოუხადა.