“დიახ, მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. მათი განცხადებები კი, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის.
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს.
ვწერდი, რომ იმ პირველ დღეებში, ხშირად ვამბობდი იმას, რომ 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ევროვნული მოძრაობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას – მეთქი. ოთო კახიძეს დავუწერე კიდეც „ცოტაც და შენზეც იგივეს მათქმევინებ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ“. დღეს ეს ოთოს გარდა, უკვე სხვებსაც ეხება. სამწუხაროდ.
დიახ, უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით ამ შემთხვევაში მაშველ რგოლებად (იმედია და მჯერა მართლაც უნებლიედ) ევლინებიან ბიძინას რეჟიმს.
მეტ კომენტარს მე ამ თემაზე არ გავაკეთებ! ისრების გადატანა არასწორია – დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს!”
ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია “ევროპული საქართველოს” ლიდერის ოთო კახიძის განცხადებას;
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ 20 ივნისის ღამეს უპასუხისმგებლო მოწოდება არ უნდა გაეკეთებინა პარლამენტში მშვიდობიანად შესვლის თაობაზე;