საქართველოს არასდროს შეუწყვეტია ევროპული კავშირისკენ სწრაფვა. ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში დასმულ შეკითხვას, თუ როგორ ახერხებენ, ერთი მხრივ, ქართული საზოგადოების ევროპული ამბიციების და მეორე მხრივ, საბჭოთა წარსულსა და რუსეთთან კავშირებს შორის ბალანსის დაცვას.
პრეზიდენტის თქმით, ქართველები თავს ევროპელებად გრძნობენ და ქვეყანა დღეს იმ მიმართულებით მიდის, რომელი მიმართულებითაც უნდა მოძრაობდეს
„არსებობს მხოლოდ ერთი პერსპექტივა – კავშირები უნდა შენარჩუნდეს. წარსულის მემკვიდრეობას ნელ-ნელა ვლახავთ და წინ მივიწევთ. თუმცა, ქვეყნის პერსპექტივები დღეისთვის ნათელია: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ დაიწყო პროცესი, რომელიც, თავდაპირველად, ნელა მიდიოდა, შემდეგ კი, დაჩქარდა და ბოლოს და ბოლოს გადაიქცა თანმიმდევრულ მოძრაობად ევროპული კავშირისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უღრუბლოდ ხდება. ჩვენ წინ გვეღობება უამრავი სიძნელე. ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტები და გვქონდა ომი 2008 წელს. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია – გამყოფი ხაზი დაძაბულობის მუდმივი წყაროა. ცოტა ხნის წინ, ამ ნიადაგზე წარმოიშვა რუსეთთან უთანხმოება. თუმცა, რა სიძნელეებიც არ უნდა შეგვხვდეს, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია ევროპული კავშირისკენ სწრაფვა. ვიმეორებ, ეს მხოლოდ პერსპექტივა არ არის. ეს ქართული კულტურის და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ქართველები თავს ევროპელებად გრძნობენ და ქვეყანა დღეს იმ მიმართულებით მიდის, რომელი მიმართულებითაც უნდა მოძრაობდეს” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა