შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტები თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა, მარიამ გეგუჩიძემ და ზუკა ბერძენიშვილმა, მოინახულეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
მათი თქმით, ეს ადამიანები მე-18 დღეა შიმშილობენ და სათანადო ყურადღებას იმსახურებენ.
“ჩვენი მიზანი იყო, გვენახა ეს ადამიანები და გაგვეგო, როგორ არიან. ორი დღის წინ დაარბიეს და ჯერ არც არავინ დაუკავებიათ. მე-18 დღეა, რაც ისინი შიმშილობენ და სარისკოა უკვე ეს პერიოდი, რადგან ამდენდღიანი შიმშილობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, იმდენი რამ ხდება ჩვენს თავს, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ მოშიმშილე აქტივისტებს. თან მანძილიც დიდია, ჩვენ თბილისში ვართ , ეს ადამიანები კი აქ, შეკვეთილში. გვინდოდა მოგვეკითხა, გვენახა და მადლობა გვეთქვა იმისთვის, რასაც აკეთებენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ გეგუჩაძემ.