რუსეთის ფედერაციამ, შესაძლებელია, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “კომერსანტი“ აქვეყნებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ანონიმური წყაროს მეშვებით მოიპოვეს.
“კომერსანტის” მიხედვით, რუსეთი კმაყოფილია იმ განცხადებებით, რომელიც ჟურნალისტ გაბუნიას მიერ პუტინის სახალხოდ გინებას მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების ლიდერთა მხრიდან.
“ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული. თუკი საქართველოში რუსოფობია შეწყდება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, შესაძლოა, ვისაუბროთ საჰაერო ურთიერთობებზეც“, – წერს “კომერსანტთან“ ანონიმური წყარო.
ასევე, შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 9 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.