ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე მოითხოვს, რომ მისი საქმე მაგისტრ მოსამართლესთან გადავიდეს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლება ცდილობს, რეპრესიები განახორციელოს და პატრიოტი ადამიანები დააპატიმროს.
„საქმეს მაგისტრ მოსამართლესთან გადავამისამართებ და მერე ვნახოთ. რადგან ასე დამკვიდრდა, რომ მაგისტრ მოსამართლესთან სჯობია, ასე ჩავთვალე საჭიროდ.
რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ქვეყანას მართავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება და სახელმწიფო გადატრიალება გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გადამტრიალებელი. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება. არალეგიტიმური და მოღალატე ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის მოყვარული და პატრიოტი ადამიანების დაპატიმრებას, ციხეში ჩაგდებას, რეპრესიებს და ასე შემდეგ. რეპრესიები დაიწყო საქართველოში. ახლა მივდივარ შსს-ში და მოვითხოვ საქმე მაგისტრ მოსამართლესთან გადავიდეს“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც შსს-ში განაცხადეს, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.