გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა, კლაუდია როთმა, რუსეთის მიერ საქართველოში გავლებულ მავთულხლართებზე ათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უახლეს ისტორიაზე მიუთითა.
„არ უნდა მოხდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს რამე მიზანს, გაჩერდეს და თქვას, რომ კმაყოფილია და მეტი არაფერი სჭირდება. არა, საჭიროა რეფორმების სრულყოფა ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევასრულოთ უფრო აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის“ – განაცხადა კლაუდია როთმა.
კლაუდია როთმა ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და განათლების თემებს:
„დარწმუნებული ვარ, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის წარმატების ისტორია… ჩემთვის კი კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ სხვადასხვა ქვეყანას შორის ხიდები აიგო. სწორედ ხიდების აგებაა საჭირო და არა კედლების. ამიტომ ეს მიღწევა ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი“ – განაცხადა როთმა.