ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სკანდალი ე.წ. სამხრეთ ოსეთში: რუსული “კაგებე” აღიარებს, რომ აგვისტოს ომი მოსკოვმა დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში “შპიონაჟური სკანდალი” აგორდა. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელს და ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “როსის” თავმჯდომარეს სერგეი ლიპინს ბრალად ედება ოფიციალური თბილისის სასარგებლოდ შპიონაჟი. რუსეთის უშიშროებამ დოკუმენტები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მას ე.წ. სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი. ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის პერიოდს, რა დროსაც, ოსური მხარის მტკიცებით, ლიპინი ქართული მხარის უშიშროების სამსახურის სასარგებლოდ მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. ოსეთის, ე.წ. პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დაკავებულია ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი თანამშრომელი სერგეი ლიპინი. ე.წ. პროკურატურამ ლიპინის წინააღმდეგ “სახელმწიფო ღალატის” მუხლით დაიწყო გამოძიება.

ე.წ. პრეზიდენტ ბიბილოვის დროს, ლიპინს საკმაოდ დიდი თანამდებობა ეკავა. ის ე.წ. პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იყო და სანდოობით სარგებლობდა ე.წ. ადმინისტრაციისგან. თუმცა, “შპიონაჟის ბრალდებით” დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიბილოვმა ის გაათავისუფლა, რის ოფიციალურ მიზეზად “საკუთარი ნებით განცხადების დაწერა” დასახელდა.

საინტერესოა ერთი ფაქტორი – რა ბრალდება ლიპინს?

ე.წ. პროკურატურის ბრალდებას თუ მივყვებით, გამოდის, რომ ლიპინი ინფორმაციას აძლევდა ქართულ სპეცსამსახურებს ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დაწყებამდე, თუ როგორი საჰაერო დარტყმები მზადდებოდა რუსეთის მხრიდან, კონკრეტულად ძაუსკის რაიონიდან ზარსკის გზით.

ერთ-ერთი აღშფოთებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელი, ვინმე სოსლან ტაბუევი სოციალურ ქსელში წერს:

“საინტერესოა, თავად ესმით რას წერენ? გამოდის, რომ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა სამხედრო ძალის გადასროლა ჩვენი მხრიდან, კერძოდ ძაუსკის რაიონიდან ზარსკის გზის გავლით, ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დაწყებამდე. როგორ გახდა ეს ინფორნმაცია ცნობილი ლიპინისთვის, რომელიც მან ქართულ მხარეს გადასცა. როგორც გავიგე, ეს ფაქტი ქართული მხარის წისქვილზე ასხამს წყალს, თუ რომელმა მხარემ დაიწყო კონფლიქტი” – წერს სოსლან ტაბუევი.

სოციალურ ქსელში ასევე წერს ადგილობრივი მედიაცენტრ “ირ”-ის ხელმძღვანელი, ირინა გაგლოევა:

“არც კი ვიცი რა ვიფიქრო. სერიოზული ბრალდებებია. სერგეიმ ასეთ რა საიდუმლოს ფლობდა? პრინციპში ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში ჩვენ გვაქვს” – წერს გაგლოევა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. პროკურატურა რუსულ სპეცსამსახთან ერთად (კაგებე) დღესაც აგრძელებს გამოძიებას და ფაქტების შეგროვებას, თუ როგორ ახერხებდა ლიპინი ქართული სპეცსამსახურებისთვის გადაეცა ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მზადდებოდა აგვისტოს ომის დაწყებამდე რუსული სამხედრო გეგმის გადაცემას ქართული სპეცსამსახურებისთვის.

 

 

 

იტვირთბა....