ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვრჩება შთაბეჭდილება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს უნდოდა, წამოსულიყო მკაცრი სანქციები” – თურნავა

ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაკეთდა მაქსიმუმი, რათა მიგვეღწია ჩვენი ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვინ, თუ არა ჩვენ, მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებთან. ახლაც მოლაპარაკებების პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ჯამში, გვაძლევს უბაჟო წვდომის შესაძლებლობას 2,3 მილიარდ ახალ მომხმარებელზე“,- განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკაში რუსი ტურისტების წილზეც გაამახვილა ყურადღება.

„25 პროცენტი არის რუსი ტურისტის წილი ჩვენს ტურიზმში და ამის უკანაც დგანან ჩვენი ოჯახები, ჩვენი საოჯახო სასტუმროები, ტაქსის მძღოლები, რესტორნის მესვეურები, ვინც ელოდებოდა ამ მილიონ ტურისტს და არავის აქვს უფლება, არ სცეს პატივი ამ ბიზნესის არჩევანს, ჩაერიოს ამაში და პლუს შეურაცხყოფა მიაყენოს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას სწორედაც უნდოდა, რომ წამოსულიყო სანქციები, წამოსულიყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან დიდი პრობლემებში ჩააგდებდა ჩვენს რიგით მოსახლეობას და პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს შეუქმნიდა პრობლემებს, 4 მილიარდ ლარზე მეტი ზარალი, რასაც ათობით ადამიანი განიცდიდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

იტვირთბა....