ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო მზად არის, გახდეს ევროპული განათლების სივრცის სრულფასოვანი წევრი” – პრეზიდენტი

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს ბათუმისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან კიდევ ერთი ახალი, საერთაშორისო დონის უნივერსიტეტის მშენებლობით მოხდება რეგიონში განათლების სისტემის გაძლიერება.

„დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარებაა და ცხადია, უნივერსიტეტისა და სკოლის დაარსება ერთ-ერთი გზაა რეგიონების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ამავდროულად, განათლება ჩვენი მთავრობის დღევანდელი პრიორიტეტია და ხვალ, ევროპულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველო მზადაა, გახდეს ევროპული განათლების სივრცის სრულფასოვანი წევრი და საქართველოსათვის ევროპაში შესვლა პირველ რიგში, სწორედ ევროპული განათლების სივრცის სრულ წევრობას ნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ,,ერასმუსის” პროგრამის ერთ-ერთი მთავარი და წარმატებული გამომყენებელია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე, რომ უნივერსიტეტის პროექტი ქართველი არქიტექტორების შექმნილია და მის მშენებლობაზე ქართველები დასაქმდებიან, რაც რეგიონული განვითარების გზაა, რომ მოქალაქეები ადგილზე დასაქმდნენ და არ დასჭირდეთ არც თბილისში და არც უცხოეთში წასვლა.

„ნიშანდობლივია, რომ ამ უნივერსიტეტში ისწავლიან ქართველებიც და უცხოელებიც. ცნობილია, რომ საქართველოში განათლების მისაღებად ბევრი უცხოელი ჩამოდის და ეს არის დარგი, სადაც უცხოეთიდან გვაქვს შემოსავლები”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, ახლადგახსნილ უნივერსიტეტში პირველ ლექცია ჩაატაროს.

კამპუსი, რომლის გახსნაც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა, 1500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტსა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება. კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე.

კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით.

იტვირთბა....