ვინ აგებდა პასუხს, ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რამე რომ მოსვლოდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ძალიან ახლოს ემბარგოსთან, როგორც 2006 წელს.
„იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა იმ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული და დესტრუქციული განცხადებების ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთეს და მხარდამჭერმა სხვადასხვა ორგანიზაციამ, ქვეყანა შესაძლოა, მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე. სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი, რომ ის მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარებით, ოთხ-ნახევარი პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იმ ფონზე, რა გამოწვევებიც აქვს ქვეყანას ამ სიტუაციაში და ძალიან სერიოზული მიღწევაა, რა თქმა უნდა ეს ხალხის კეთილდღეობაზე არ აისახება, მაგრამ მთავრობა რომ ყველაფერს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის და ხალხის კეთილდღეობას რომ დაეტყოს, ეს ხომ ფაქტია და ეს განცხადებები სწორედ იყო პროვაკაციულად მიმართული იმაზე, რომ ასეთი რეაქცია გამოეწვია, რაც მოჰყვა რუსეთის დუმის მხრიდან. იცით, რომ ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ საერთოდ როგორც ფრენები აიკრძალა, ისე შემოღებული ყოფილიყო ემბარგო და ასე შემდეგ. რა მოგვიტანა ამან 2006 წელს, თქვენ კარგად გახსოვთ. ქართველები როგორც მაშინ გამოდევნეს, გვინდოდა, ისევ იმ ფაქტის წინაშე დავმდგარიყავით? ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ აგებდა მერე პასუხს, რომ ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რამე მოსვლოდა. მიმართული იყო ეს ნარატივი, ვინ დადგა ეს პოლიტიკური შოუ, ვინ დაიწყო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.