ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ინტეგრაციისა და დეესკალაციის კუთხით გვაქვს სერიოზული წინსვლა“ – კობახიძე

მნიშვნელოვანია, არ დადგეს ის შედეგი, რაც ასე უნდოდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ყველაფერი ხელოვნურად გამოიწვია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადებების შეფასებისას.

„ის, რომ არ მიადგება ზიანი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, არ დადგეს ის შედეგი, რაც ასე უნდოდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ყველაფერი ხელოვნურად გამოიწვია. მათ ინტერესებში იყო, რომ არეულიყო ვითარება ჩვენს ქვეყანაში, ზიანი მიდგომოდათ ჩვენს მოქალაქეებს და თუ ეს ზიანი არ დადგება, ეს კარგი და მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რომელიც იყო ჩამოყალიბებული ერთი თვის წინ. ჩვენ გვაქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ძალიან თანმიმდევრულები ვართ ამ პოლიტიკაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე რუსეთთან მიმართებაში ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი თითოეული ნაბიჯი მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ისინი ცდილობენ ხოლმე დააინიცირონ რევოლუციები რუსეთის საკითხთან დაკავშირებით და თითოეული ეს პროექტი, რომელიც შემიძლია ცალ-ცალკე ამოვიღო, არის პირდაპირ ზიანის მომტანი სახელმწიფოსთვის. ისინი იყენებენ ამას სპეკულაციურად – თუ არ უჭერ მხარს, მერე ცდილობენ იარლიყების მოწებებას და ა.შ. მათი თითოეული ნაბიჯი, მათ შორის რეზოლუციების ინიცირება, მათ შორის მათი რიტორიკა და ა.შ., არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ზუსტად იმავეს აკეთებენ ისინი, რასაც აკეთებენ 2012 წლამდე, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ მაშინ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, დღეს კი, აღარ არიან. შესაბამისად, ვითარება არის უკეთესი, როდესაც ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან. მათი პოლიტიკა დასრულდა იმით, რითაც დასრულდა – ეს იყო ორი რეგიონის სრული ოკუპაცია, ეს იყო რამდენიმე ასეული დაღუპული ადამიანი, ეს იყო 30 ათასი დევნილი, ეს იყო ჩვენი შესუსტებული პოზიციები ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ მოვახერხეთ ამ ყველაფრის შემობრუნება; ინტეგრაციის კუთხით გვაქვს სერიოზული წინსვლა და დეესკალაციის კუთხით გვაქვს სერიოზული წინსვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....