პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, საკუთარი Facebookის პირად გვერდზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, განცხადებას გამოეხმაურა და მას ღირსეული და დროული ნაბიჯი უწოდა. ინაშილი ასევე წერს, რომ პარტიის წევრები უახლოეს მომავალში მოსკოვს ეწვევიან.
“რუსეთის პრეზიდენტმა ძალზედ ღირსეული და დროული კომენტარი გააკეთა. პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ- რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს.
არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება… მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს.”
ცნობისათვის, რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაკისრება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც “რუსთავი 2”-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, გადაცემის დაწყების წინ პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე აგინა. 9 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატამ მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებს, პრეზიდენტ პუტინს შესაბამისი წინადადებით მიმართოს.