ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა” – პუტინი

მე თავის დროზე ვცდილობდი სააკაშილის დარწმუნებას, ვეუბნებოდი მას, მიხეილ ნიკოლოზის ძევ, არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ამერიკელებსაც იგივეს ვეუბნებოდი. მეთანხმებოდნენ – კი, კი არავითარ შემთხვევაში და რა ქნეს? – შედეგი ცნობილია, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პუტინს რუსული მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სრულფასოვანი პასუხის გასაცემად წარსულის ვრცელი ისტორიის გახსენებაა საჭირო:

„სრულფასოვნად რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე, ბევრი დრო დამჭირდება. ამისათვის ცოტა წარსულში უნდა ჩავიხედოთ, ისტორიაში. ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს. შევიდა მთლიანად, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. მოგვიანებით მოვლენები მიმდინარეობდა ერთიანი სახელმწიფოს ჩარჩოებში – ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის შემადგენლობაში (არავითარი საქართველო არ იყო, ტიფლისის გუბერნია). აფხაზეთი ვითარდებოდა შემდეგნაირად: როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდნენ ქართული ჯარები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. ეს არსობრივად იგივეა, რასაც დღეს გენოციდი ჰქვია. საბჭოთა კავშირის დროს, სხვათა შორის, ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო. ეს საქართველოც არ იყო. სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი და სხვათა შორის, ჩვენი ადამიანის უფლებათა დამცველები ამას რატომღაც არასდროს აქცევენ ყურადღებას. ეს მძიმე მემკვიდრეობა არათუ გაითვალისწინა, არამედ სრულად უგულვებელყო თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა, როდესაც საერთოდ გააუქმა ყოველნაირი ავტონომია, აჭარისაც, აფხაზეთისაც და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი. თავის დროზე მე ვარწმუნებდი სააკაშვილს, ვეუბნებოდი მას, მიხეილ ნიკოლოზის ძევ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართ. ამერიკელებს იგივეს ვეუბნებოდი. მეთანხმებოდნენ – კი, კი არავითარ შემთხვევაში და რა ქნეს? – წავიდნენ იქ ომით და შედეგი დღეს ეს ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა ხალხები – აფხაზეთისაც და სამხრეთ ოსეთისაც. არ არის საჭირო რეაგირება ვიღაც ნაძირლების გარეგნულ გამოვლინებებზე“, – თქვა პუტინმა ეკატერინბურგში.

იტვირთბა....